მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მმართველ ძალას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ პრეს-ცენტრიდან აცნობეს, ნოღაიდელი მოუწოდებს ქართველ საზოგადოებას - სიფრთხილით მოეკიდნონ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს.
_~ხელისუფლება ინტენსიურად იყენებს ძალოვან და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს ქვეყანაში შიშისა და მორჩილების ატმოსფეროს შესაქმნელად. სააკაშვილის რეჟიმი არ ერიდება ამ პროცესში ქურდული სამყაროს ჩართვას, აგრეთვე, საკუთარი ნარკოქსელის გამოყენებას. მასობრივი ხასიათი მიიღო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში მომუშავე ადამიანების დაშინებამ, უკანონო პატიმართა ოჯახების წევრების შევიწროვებამ. Aადამიანებს ემუქრებიან სამსახურიდან დათხოვნით ან მათთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნით. ხელისუფლება არც პირდაპირ მოსყიდვას ერიდება~, _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.
მისი თქმით, თითოეული ისეთი კონკრეტული ფაქტის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ამიტომ, მოძრაობა მათ დოკუმენტურად აღნუსხავს და საჯაროს გახდის.
~ჩვენ, ძალების სრული მობილიზებით, მკაცრ კონტროლს დავაწესებთ წინასაარჩევნო პროცესებზე და არჩევნებზე, აღვკვეთთ და ვამხელთ არჩევნების გაყალბების ნებისმიერ მცდელობას~, _ აღნიშნავს ზურაბ ნოღაიდელი.
მოძრაობის ლიდერი მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, ემსახურონ საქართველოს და არა ნაცმოძრაობას, დაიცვან კანონი და იბრძოლონ იმისათვის, რომ სამართლიანობა და კანონის უზენაესობა დამყარდეს მთელს საქართველოში. იგი მომავალში კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ნიშნით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
_~სამსახურს არავის დავატოვებინებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცას, მაგალითად, არ მოსწონს ზურაბ ნოღაიდელი და მის შეხედულებებს არ ეთანხმება. პოლიტიკური შეხედულება პლუსი ან მინუსი არ უნდა იყოს~, _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი. მისივე განმარტებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეებს და კანონის დამრღვევებს პასუხი არ მოეთხოვებათ. ვპირდებით ჩვენს ხალხს, ამომრჩევლებს, რომ არჩევნების გაყალბების პროცესში ჩართული ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. დაისჯება არჩევნების გაყალბების ყველა დამკვეთი და შემსრულებელი. ხოლო, მათ, ვინც თუნდაც დღეიდან, შეეცდება კეთილსინდისიერად შეასრულს თავისი მოვალეობა, ~ამნისტიას~ ვუცხადებ~, _ აღნიშნავს მოძრაობის ლიდერი.
პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა მოუწოდა ყველა ოპოზიციურ ძალას, საერთო ძალისხმევით აღვკვეთონ არჩევნების გაყალბების ყველა მცდელობა.