შოთა ხიზანიშვილმა, რომელსაც წინასწარი პატიმრობის გამო, სამსახურეობრივი უფლებამოსილება დროებით ჰქონდა შეჩერებული, თბილისის მერის მოადგილის პოსტზე, მუშაობა დღეიდან გააგრძელა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან 17 იანვარს 35 000 ლარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება და გავრცელება. აგრეთვე, - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ლელუაშვილს კი ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერა, კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა; კომპიუტერულ სისტემაში და სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემების მოპოვების, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კომპიუტერული პროგრამის, ასევე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აგრეთვე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.