დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის წევრები პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბაქრაძესთან გამართავენ. დღესვე გაიმართება შეხვედრები საპარლამენტო ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებთან.
მოგვიანებით, სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაემგზავრებიან და უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან.
ხვალ, 16 თებერვალს კი, დანიელი სტუმრები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის ოფისში მივლენ და ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული სამსახურის უფროს რობერტ ლიდელთან გამართავენ შეხვედრას, მოგვიანებით კი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ოფისს ეწვევიან და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ბორის ვოდზს და სამართლებრივი
ჯგუფის ხელმძღვანელ თამარ ჩერგოლეიშვილს შეხვდებიან.
შეხვედრები დაგეგმილია ასევე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ არიანე ტომბეტთან
და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ჰანს იორგ ჰაბერთან.
17 თებერვალს დანიელი სტუმრები ქალაქ გორში გაემგზავრებიან, სადაც მათ პრეზიდენტის რწმუნებულთან შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილი მიიღებს.
გორიდან სტუმრები ევროკავშირის დამკვირვებელთა (EUMM) მისიის ოფისში მივლენ, სადაც ევროკავშირის დამკვირვებლებს გაესაუბრებიან.
იმავე დღეს სტუმრები ცხინვალის რეგიონში ჩავლენ და საოკუპაციო ზონას დაათვალიერებენ. უკვე იქედან კი, წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში გადაინაცვლებენ. ბანაკის დათვალიერების შემდეგ, მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და იძულებით გადაადგილებული პირები შეხვდებიან.
დანიის სამეფოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია თბილისს 18 თებერვალს დატოვებს.