სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ერს შენდობისკენ მოუწოდებს.
როგორც პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგემისას ბრძანა, ყველა ადამიანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და მიერ ჩადენილი ცოდვები დაინახოს, რათა უფლისგან შენდობა მიიღოს.
"დღეს არის დიდი დღესასწაული - მირქმა უფლისა. ყველა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში, გონებაში, სულში და დაინახოს საკუთარი ცოდვები. ადამიანი, რომელიც განიკითხავს სხვის ცოდვებს, თვითონ ვარდება იმ ცოდვაში და ღმერთი უშვებს ამას იმიტომ, რომ ის განკითხვისგან განიწმინდოს. დღეს ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევურიგდეთ ერთმანეთს", - განაცხადა უწმინესმა.
ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველო, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ქართველი დალოცა და უფალს სთხოვა, "თითოეულ ჩვენგანს სულიერი ძალა მოგვანიჭოს, რათა სხვები არ განვიკითხოთ".
შეგახსენებთ, რომ დღეს შენდობის დღეა. შენდობის წესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.