მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ზუგდიდელი სტუდენტების მიერ მათ წინააღმდეგ გამართულ აქციას "მმართველი ძალის ბინძური კამპანიის ნაწილად" აფასებს.
როგორც პარტიის სამეგრელოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა დავით გულორდავამ ენგურის ხიდთან გამართული აქციის საპასუხოდ განაცხადა, "სტუდენტების ერთი ჯგუფი ბრმა იარაღად გამოიყენეს".
"მსგავსი ღონისძიებები ჩვენი მოძრაობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, მაგრამ რეალურად ხელისუფლების აგონიიას ამხელს. "აქციის" მონაწილეთა რაოდენობის გასაზრდელად, ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლებში სწავლა შეწყდა და მოსწავლე-მასწავლებლები, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით, აქციაზე წაიყვანეს. მივმართავთ ჩვენს თანატოლებს, ვიყოთ საქართველოს პარტიოტები და არა "ნაცმოძრაობის" პატრიოტები. მოვუწოდებთ, მოსწავლე ახალგაზრდობას და სტუდენტობას, არ წამოეგონ ხელისუფლების პროვოკაციებზე და თავი შეიკავონ გაუაზრებელი ქმდებებისგან", - განაცხადა გულორდავამ.
მისივე მტკიცებით, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს მოძრაობის წარმომადგენლები არაერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის აღდგენას და ამ გზით ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას.
"ამ განწყობას ზურაბ ნოღაიდელის გუნდი მთლიანად იზიარებს. ამიტომ, ამ კურსიდან არ გადავუხვევთ", - დასძინა მოძრაობის სამეგრელოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელისა და მისი მოძრაობის წინააღმდეგ აქცია დღეს ზუგდიდელმა სტუდენტებმა გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები