უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეურაცხმყოფელად ჩათვალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე გორბანის მიერ გაკეთებული გამონათქვამები, რომლებიც კიევისათვის გაზის საფასურს ეხებოდა.
გორბანმა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს განაცხადა, რომ უკრაინისათვის გაზზე ფასის დაკლება ამ ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია და აღნიშნა, რომ "არ შეიძლება ცოტა ორსულად იყო".
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს ჩვენი რუსი კოლეგის ბატონო გორბანის მიერ ამ უკიდურესად არადიპლომატიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებას უკრაინის მიმართ", _ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ოლეგ ვოლოშინმა.
მისივე თქმით, უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური ინტერესებით ხელმძღვანელობს როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე საბაჟო კავშირთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს.
"ჩვენც ყოველთვის როდი ვაღწევთ სასურველ შედეგს ჩვენს რუს კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს. თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში ჩვენს პარტნიორებთან ახალ მიდგომებს ვეძებთ და ისტერიკაში არ ვვარდებით", _ განაცხადა ვოლოშინმა.