საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას "ამორალურ ქმედებად" აფასებს.
"რუსი ოკუპანტების ამგვარი ამორალური ქმედებები და უკიდურესად სახიფათო პროვოკაციები დასტურია იმისა, რომ ადამიანებზე ნადირობის გამოყენებით რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტოტალურ ტერორს ამკვიდრებს.
კრემლი დემონსტრატიულად არღვევს, საერთაშორისო სამართალსა და უგულველყოფს მსოფლიო საზოგადოების აზრს, არ ერიდება აშკარად ყაჩაღური მეთოდების გამოყენებას, რათა უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. დაუსჯელობის სინდრომმა და ყოვლისშემძლეობის ილუზიამ რუსეთის ხელისუფლების შეგნებაში იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ უკანონობა კრემლის პოლიტიკის ნორმად იქცა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს მხარე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ქმედებებს და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ამგვარი დანაშაულების აღსაკვეთად.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, დღისით, რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი ხუთი მიკროავტობუსი, გვიან ღამით კი, ავტობუსი და მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლებითაც რამდენიმე ათეული ეთნიკური ქართველი მგზავრობდა. დაკავებულები გალის რაიონის ე.წ. მილიციაში გადაიყვანეს და ე.წ. "ჯარიმის" გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაყვანილი იქნა გალის საავადმყოფოში.