აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისთვის რუსეთის სახელისუფლებო და პოლიტიკურ ელიტასთან ოპოზიციურად განწყობილი პარტიების ნაწილის თანმაშრომლობა მიუღებელია.
ამის შესახებ გია ბარამიას მთავრობის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
"რუსეთის მიერ ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ღია სამხედრო აგრესიის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის სრული სამხედრო და პოლიტიკური ანექსიის ფონზე რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო და პოლიტიკურ ელიტასთან საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკოსების ნაწილის აქტიურმა კონტაქტებმა და საჯაროდ დადებულმა ბოლომდე გაურკვეველმა შეთანხმებებმა, აფხაზეთის დევნილ მოსახლეობაში სერიოზული გაუგებრობისა და უკმაყოფილების განცდა გამოიწვია, რის გამოც თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ: სრულიად მიუღებლად და გულუბრყვილოდD მიგვაჩნია რუსეთის სახელისუფლებო და პოლიტიკურ ელიტასთან ოპოზიციურად განწყობილი პარტიების ნაწილის თანმაშრომლობა იმ უსუსური არგუმენტების საფუძველზე, რომელიც მოჰყავთ თავის გასამართლებლად "სამართლიანი საქართევლოსთვის" პარტიის ლიდერს ბატონ ზურაბ ნოღაიდელსა და მისი თანამგრძნობი პარტიის ლიდერებს. Aამის საფუძველს გვაძლევს აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან 16 წლიანი სახელმწიფოთაშორისო და საერთაშორისო ორაგნიზაციების ურთიერთობის სავალალო გამოცდილება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ბარამიას მთავრობა ნოღაიდელის რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებას "პროპაგანდისტულ შოუს" და "რუსეთის მხრიდან მსოფლიოს თვალის ასახვევად მოწყობილ მორიგ პოლიტიკურ ფანდს" უწოდებს, რომელიც "პირდაპირაა მიმართული საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირებების ესკალაციისათვის და საზოგადოების გასახლეჩად".
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სრულიად მიუღებლად მიაჩნია ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით საკუთარი ქვეყნის ღია მტრებნთან ალიანსი და გმობს მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯებს.