დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის რწმუნებულს ანდჯეი ჩიეშკოვსკის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მიხაუ უაბენდას და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს ურსულა დოროშევსკას.
შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების გაფორმება; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესაძლებლობა; ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა; ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა"; საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და სხვა.