"მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების შემდეგ ამჟერად ზუგდიდელი ახალგაზრდები გამოვიდნენ.
ზუგდიდის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ქვეყნის ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ მიმართული აქცია დღეს სიმბოლურად ენგურის ხიდთან გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ენგურზე ბანერი გამოაკრეს, რომელზეც "მოღალატეების" გვარები ჩამოწერეს. ლიპარიტ ბაღვაშის, კახაბერ ყორღანაშვილის, სერგო ორჯონიკიძის, იასე ფალავანდიშვილისა და ფილიპე მახარაძის გვერდით ნოღაიდელის გვარიც მოხვდა.
"ნოღაიდელი არის საქართველოს სირცვილი და ქართველობის შეცდომა", - აცხადებდნენ სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს ჯერ "ეროვნულ-დემოკრატებმა", შემდეგ კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა "მოღალატე" მისი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსის გამო უწოდეს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ითვალისწინებს.