„მომღერალი უიტნი ჰიუსტონი ნარკოდილერების ხელით დაიღუპა. მას ნარკომოვაჭრეების ვალი, 1,5 მილიონი დოლარი ჰქონდა, რომლითაც მათგან კოკაინი შეიძინა" - ამ ვერსიაზე კერძო დეტექტივი ჰოლივუდიდან, პოლ ჰიუბლი ალაპარაკდა, რომელიც მომღერლის გარდაცვალების საქმეს დამოუკიდებლად იძიებდა.
გამომძიებელმა შეძლო ვიდეოკამერის ჩანაწერის მოპოვება, სადაც ჩანს, რომ ვარსკვლავის სიკვდილის დღეს, მასთან ორი ნაცნობი ნარკომოვაჭრე მივიდა. დეტექტივის ინფორმაციით, ისინი მომღერლისგან ვალის დაბრუნებას ითხოვდნენ. ჰიუბლი კატეგორიულად არ ეთანხმება ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ჰუსტონის დაღუპვა შემთხვევითობა იყო და აცხადებს, რომ ნარკოდილერები მასთან ნომერში შევიდნენ და სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ის მოკლეს.
„უიტნის სხეულზე დარჩა კვალი, რომელიც იმას მეტყველებს, რომ მომღერალი სიკვდილის წინ თავს იცავდა და სიცოცხლისთვის იბრძოდა", - ირწმუნება გამომძიებელი „დეილი მეილისთან" საუბარში. ამას გარდა, ისიც ირკვევა, რომ მომღერლის სიკვდილის დღეს მისი ნომრიდან გარკვეული ნივთები დაიკარგა. გამომძიებელმა მოპოვებული მასალები უკვე გადასცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს.
უიტნი ჰიუსტონი ლოს-ანჯელესში, სასტუმროში 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ ვერსიად, გულის უკმარისობა და კოკაინის და ანტიდეპრესეანდების ბოროტად გამოყენება დასახელდა. აპრილში, მომღერლის გარდაცვალების საქმე დახურულად გამოცხადდა.