საპარლამენტო უმრავლესობა ედპ-ს მემარჯვენე ორიენტაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებები უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან დღეს სესიაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ საქსტატის საბჭოში დასანიშნი კანდიდატების საკითხის განხილვისას ვახტანგ მეგრელიშვილის კანდიდატურა გააკრიტიკა.
საქსტატის 8-წევრიან საბჭოში პარლამენტი კენჭისყრით ამტკიცებს 5 წევრს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.
პრეზიდენტის მიერ 5 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატია წარდგენილი. აქედან კი გურამ ჩახვაძემ განსაკუთრებულად ვახტანგ მეგრელიშვილის კანდიდატურა ჭიპაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს არსებული დარღვევების გამო გააკრიტიკა.
როგორც ჩახვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი სწორედ ჭიპაშვილის მინისტრობის დროს განადგურდა. გარდა ამისა, მან აქცენტი გააკეთა სოციალურ სფეროში შექმნილ პრობლემებზე და განაცხადა, რომ
"ამ ე.წ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ჭიპაშვილთან ერთად იყო სწორედ მისი მოადგილე ბატონი მეგრელიშვილი და ახლა მისი ამ თანამდებობაზე წარდგენა ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია,~ - განაცხადა ჩახვაძემ. ჩახვაძის კრიტიკის პირველი პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა.
"მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონდეს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ სრულიად გაუგებარია ერთ კონკრეტულ ადამიანზე ასეთი თავდასხმა იმის გამო, რომ მას მემარჯვენე შეხედულებები აქვს. მით უმეტეს გაუგებარია თქვენგან, რადგან ედპ მემარჯვენე ორიენტაციის პარტიაა და თქვენც სწორედ ასეთივე შეხედულებები უნდა გქონდეთ,~ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ არ შეიძლება ყველა წარუმატებლობის გამო, რაც კი ჯანდაცვის თუ სოციალურ სფეროში შეიქმნა, პასუხი მეგრელიშვილს მოეთხოვოს.
"ამ ადამიანის ბრალი არ არის, რაც მოხდა. უბრალოდ, ეს ადამიანი ღიად და აქტიურად იცავდა მემარჯვენე ორიენტაციას და იმ რეფორმებს, რაც ამისთვის ხორციელდებოდა და სხვები ამაზე მხოლოდ კულუარულად საუბრობდნენ,~ - განაცხადა მაჭავარიანმა.