რუსეთის დუმამ აშშ-ის მოქალაქეების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება დუმის მიერ მეორე მოსმენით "ანტიმაგნიტსკის კანონის" განხილვის ფარგლებში იქნა მიღებული.
კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, "იკრძალება ბავშვების გადაცემა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, შვილად აყვანისთვის აშშ-ის მოქალაქეებისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმ ორგანოებისა და ორგანიზაციების ფუნქციონირება, რომლებიც შემდგომში აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის მოქალაქე ბავშვების გაშვილების მიზნით, ბავშვების მოძიებას ახორციელებდა".
აღნიშნული ცვლილება რუსეთის სახელით ასევე აუქმებს რუსეთსა და აშშ-ს შორის 2011 წლის 13 ივლისს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც შვილად აყვანის საკითხებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.