აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურის წამოწევას ცდილობს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ორბანს მოუწოდა, გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ბრძოლაში ჩართულიყო. უფრო მეტიც, ამ იდეის ინიციატორი თავად ამერიკული მხარე იყო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ ერთი შეხედვით, ეს გეგმა წარმოუდგენლად ჟღერს. თუმცა, ვაშინგტონთან წინასწარი მოლაპარაკებების მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი მზად არიან, ინიციატივას მხარი დაუჭირონ. სავარაუდო გეგმის თანახმად, ორბანი სამივე ქვეყნისთვის მისაღები საერთო კანდიდატი უნდა გახდეს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, „თუ აშშ, რუსეთი და ჩინეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ერთიანი პოზიციით გამოდიან, როგორც წესი, მიზანს აღწევენ“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ორბანს გაერო-ს უშიშროების საბჭოში რვა წევრის მხარდაჭერის იმედი „სრულიად დამაჯერებლად“ შეუძლია ჰქონდეს, ხოლო, საერთო ჯამში, საბჭოს 15 წევრიდან 10-ის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია.
ჯერჯერობით უცნობია, შეეწინააღმდეგებიან თუ არა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უმრავლესობის ნებას, რადგან ეს ქვეყნები ვეტოს უფლებას, როგორც წესი, საკმაოდ ფრთხილად იყენებენ.
დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს აპრილში, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, მხარი დაუჭირა, ხოლო ჯეი დი ვენსი მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა. მოსალოდნელია, რომ ორბანის გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე წარდგენის შემთხვევაში, ისინი მას კვლავ დაუჭერენ მხარს.
სიტუაციასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გაკეთება აშშ-ში შუალედური არჩევნების დასრულებამდე გადაიდება.