უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 20 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის დროს რუსულმა ძალებმა 400-ზე მეტი მოიერიშე დრონი და 110-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა.
ზელენსკის თქმით, იერიშის ტაქტიკა ამჯერად განსაკუთრებით ვერაგული იყო: რუსები რაკეტების რამდენიმე ჯგუფს 20-30-წუთიანი ინტერვალებით უშვებდნენ, რაც ხანძრების ჩაქრობას, ნანგრევების გაწმენდასა და აღდგენით სამუშაოებს ართულებდა.
„ხშირად ისე ხდებოდა, რომ სპეციალისტები ობიექტებისთვის მიყენებულ თავდაპირველ ზიანს ათვალიერებდნენ, როდესაც რუსები განმეორებით დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროს ადამიანები იღუპებოდნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის იერიშები უკრაინის მრავალ ქალაქსა და რეგიონზე განხორციელდა. სამიზნეებს შორის იყო ენერგეტიკული ობიექტები, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, დნიპროზე მდებარე ხიდები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა იერიშის დროს კასეტური ქობინების მქონე რაკეტებიც გამოიყენა.
უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა უკრაინელი სამხედროების მოქმედება, რომლებმაც რუსეთის ბალისტიკური რაკეტების სამი გამშვები დანადგარი დააზიანეს. მისი თქმით, ერთი დანადგარი განადგურებულია, დანარჩენ ორზე დარტყმის შედეგებს კი ამოწმებენ.
„უკრაინულმა საბრძოლო ავიაციამ ძალიან კარგად იმუშავა - ჩვენმა F-16-ებმა, „მირაჟებმა“ და "მიგ"-ებმა. სამწუხაროდ, ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა გაცილებით რთულია და ეს უკვე არა ჩვენს შესაძლებლობებზე, არამედ პარტნიორების მიერ რაკეტების მოწოდებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის სამიზნეებზე საუბრისას, ყველა ობიექტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიეკუთვნებოდა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
„ენერგეტიკული ობიექტები, ლოგისტიკა - დნიპროზე არსებული ხიდები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა. დარტყმები განხორციელდა, მათ შორის, იმ ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლებზეც ატომური ელექტროსადგურებისა და უკრაინის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული კავშირებია დამოკიდებული. დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლებიც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის მასშტაბით უკვე მიმდინარეობს ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოები ყველგან, სადაც უსაფრთხოების ვითარება ამის შესაძლებლობას იძლევა.
ზელენსკის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მასირებულ თავდასხმას მკაფიო პასუხი უნდა გასცეს.
„მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორების მხრიდან მხოლოდ უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერის შესახებ განცხადებები კი არ გვესმოდეს, არამედ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით მიღწეული კონკრეტული შეთანხმებებიც შესრულდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დღესვე დაუკავშირდეს ყველა იმ პარტნიორს, რომლებმაც საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტების მომზადება უკვე დაიწყეს.
„მიწოდებები უნდა დაჩქარდეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ცალკე განვიხილეთ აშშ-ის პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხი PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ პენტაგონი დაამტკიცებს იმ მიწოდებებს, რომლებსაც ველოდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა მხოლოდ სამი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ 20 ნოემბრის ღამეს რუსეთის იერიშის სამიზნე კიევი და ქვეყნის ცხრა ოლქი გახდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, კიევში 6 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა. ლვივის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა, ხარკოვში კი სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.