გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, 20 ნოემბერი კარგი დღეა როგორც ბრიტანეთისთვის, ისე ევროპისთვის. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანია. ხალხი ხედავს, რომ არსებული მდგომარეობა არ მუშაობს. ის ბრიტანეთისთვის საკმარისი არ არის. ხალხს უკეთესი შეთანხმება სურს, ვიდრე ის ხისტი Brexit-ია, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ“, - განაცხადა ბერნემმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Brexit-მა ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობები შეუზღუდა.
„Brexit-მა ჩვენს ახალგაზრდებს შესაძლებლობები წაართვა. მან მათი ცხოვრების პერსპექტივები შეზღუდა“, - აღნიშნა მან.
ბერნემის განცხადებით, ევროკავშირთან მიღწეული ახალი შეთანხმება ახალგაზრდებისთვის მეტ შესაძლებლობას შექმნის.
„ეს შეთანხმება თქვენთვისაა. ის ნამდვილად მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისეული შესაძლებლობების გაზრდას“, - მიმართა მან ახალგაზრდებს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ახალი შეთანხმებები ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ათწლეულის განმავლობაში არსებული გაუცხოებისა და დაყოფის დასრულებას შეუწყობს ხელს.
„დღეს, ძველ მეგობრებთან კავშირების აღდგენით, წერტილს ვუსვამთ ათწლეულს, რომელიც დაშორებითა და დაყოფით ხასიათდებოდა“, - განაცხადა ბერნემმა.
მისივე თქმით, ბრიტანელებს ახლა უფრო იმედიანი მომავლის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ.
„ვფიქრობ, ახლა მთელ ბრიტანეთში ხალხს შეუძლია უკეთესი და უფრო იმედიანი მომდევნო ათწლეულის მოლოდინი ჰქონდეს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.
ბერნემმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი ბრიტანეთი და ევროკავშირი 2016 წლის რეალობისგან განსხვავდება.
„მთავარი ისაა, რომ დღევანდელი ბრიტანეთი და დღევანდელი ევროკავშირი 2016 წლის ბრიტანეთი და ევროკავშირი აღარ არის“, - განაცხადა მან.
სამიტის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე მიმართულებით შეთანხმებას მიაღწიეს. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო და სურსათის პროდუქტებით ვაჭრობის გამარტივება, ემისიებით ვაჭრობის სისტემების დაკავშირება და ახალგაზრდებისთვის მობილობის პროგრამის შექმნა.
ახალი შეთანხმების თანახმად, შემცირდება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობისას არსებული ბიუროკრატიული ბარიერები და სასაზღვრო შემოწმებები. მხარეები ასევე გეგმავენ ემისიებით ვაჭრობის სისტემების დაკავშირებას, რაც ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემებს შეამცირებს.
ახალგაზრდების მობილობის პროგრამა ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდებს სწავლის, მუშაობისა და დროებით ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
ბერნემის განცხადებით, ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება ბრიტანეთის მთლიან შიდა პროდუქტს 0.5%-ით გაზრდის, რაც დაახლოებით 17 მილიარდი ფუნტის ეკონომიკურ სარგებელს უტოლდება.
მისივე ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა შეთანხმებების განსახორციელებლად შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირიდან წარადგენს.