"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებმა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, გელა და დავით ბეჟუაშვილების სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. მიტინგი "ლეიბორისტების" პროექტის - "ექსკურსიები კორუმპირებულების სასახლეებთან" ფარგლებში მოეწყო.
პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ძმებ ბეჟუაშვილებს, სააკაშვილის მარცხენა და მარჯვენა ხელი უწოდა და კორუფციაში დაადანაშაულა.
"ძმებმა ბეჟუაშვილებმა მრავალწლიანი კორუმპირებული საქმიანობის შედეგად ხელში ჩაიგდეს ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის მარგანეცი, ცემენტის ბიზნესი, იარაღის კონტრაბანდა და სხვა მრავალი ბიზნესსაქმიანობა, რის შედეგადაც მათ ხალხის ხარჯზე მილიარდები იშოვეს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის განცხადებით, სწორედ კორუფციით დააგროვეს ბეჟუაშვილებმა თავიანთი ქონება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მისი თქმით, აქციები კორუმპირებულების სახლებთან მომავალშიც გაგრძელდება.