ვენესუელას ერთიანმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, უგო ჩავესი ხელმძღვანელობს, ქვეყნის 23 შტატიდან 20-ში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. ამომრჩეველთა აქტივობამ 53 პროცენტი შეადგინა, რაც 13 პროცენტით ნაკლებია, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით.
ოპოზიციის კანდიდატებმა ქვეყნის სამ შტატში სრული გამარჯვება მოიპოვეს. ენრიკე კაპრილესი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს წარმოადგენდა და ხმათა 44,1 პროცენტი მიიღო, მირანდის გუბერნატორად იქნა არჩეული.
გუბერნატორის არჩევნები ვენესუელაში უგო ჩავესის მძიმე ავადმყოფობის ფონზე წარიმართა. როგორც ცნობილია, ჩავესმა 12 დეკემბერს ოპერაცია გადაიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავესის მძიმე მდგომარეობის გამო, შესაძლოა, მისი ინაუგურაციაც გადაიდოს, თუმცა, ხელისუფლება ირწმუნება, რომ პრეზიდენტი ამ დროისათვის ჩვეულებრივად ასრულებს თავის მოვალეობას.