ყაზახეთის ხელისუფლება ქალაქ ბაიკანურის რუსეთის იჯარიდან გამოყვანას ცდილობს. ექსპერტების აზრით, ეს თუ მოხდა რუსეთის მოქალაქეები ქალაქიდან წავლენ და ობიექტებზე მუშაობას ვერავინ შეძლებს.
ყაზახეთი და რუსეთი ქალაქ ბაიკანურის ყაზახეთის იურისდიქციის ქვეშ გადაცემას განიხილავენ. ქალაქთან ერთად იჯარიდან უნდა გამოვიდნენ კომპლექს "ზენიტის" გასაშვები მოედნები, საბოლოო ჯამში კი მთელი კომპლექსი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ახლა მიდის მსჯელობა საკითხზე რომელიც ქალაქ ბაიჯანურის იჯარიდან გამოსვლასა და მის ყაზახეთის იურისდიქციის ქვეშ გადაცემას ეხება", _ განაცხადა კაზკოსმოსის ხელმძღვანელმა ტალგატ მუსაბაევმა ყაზახეთის ქვედა პალატაში "სამთავრობო საათზე" სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ამჟამად საკითხი დამუშავების სტადიაში იმყოფება.
"შეთანხმება "ბაიკანურის" იჯარით აღების შესახებ 1994 წელს გაფორმდა და მან თავისი საქმე უკვე გააკეთა. სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენს წინაშე დააყენა ამოცანა ახალი ყოვლისმომცველი შეთანხმების შემუშავების შესახებ რომელიც კომპლექს "ბაიკანურს" ეხება.
ეს შეთანხმება საიჯარო ურთიერთობებიდან გამოსვლას ითვალისწინებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთი ხელის მოსმით იჯარას შევწყვეტთ. ეს უბედურება იქნებოდა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ და ეტაპობრივად ამის გაკეთება შესაძლებელია", _ აცხადებს კაზკოსმოსის ხელმძღვანელი.