უგო ჩავესმა, რომელიც დიდი ხანი არ აღიარებდა, რომ მძიმედ არის ავად, განაცხადა, რომ კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. ამის შესახებ ექიმებმა მას კუბაში, ბოლო სამედიცინო გამოკვლევის დროს ურჩიეს. წელს, ეს უკვე მეოთხე ქირურგიული ჩარევა იქნება ჩავესისთვის, რომელიც კიბოს ებრძვის. ვენესუელას პრეზიდენტის თანამებრძოლები იმედს გამოთქვამენ, რომ ჩავესი ავადმყოფობას დაძლევს, რაც მის ქვეყანას და ხალხს სულიერ სიმშვიდეს მოუტანს.
პრეზიდენტმა ჩავესმა, პირველად უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, რაც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, თავისი მემკვიდრის დასახელება გადაწყვიტა. პრეზიდენტის განცხადებით, მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ნოკოლას მადურო შეცვლის.
გასული წლის ივნისში ჩავესს ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის პარალელურად, მან ოთხი ქიმიოთერაპია ჩაიტარა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა, თუმცა, რამდენიმე თვის მერე ექიმებმა მას კიბოს ახალი კერა აღმოუჩინეს. ჩავესმა ჰავანაში ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ სისტემატურად დადის კუბაში სამკურნალო თერაპიის საწარმოებლად. ივლისის დასაწყისში კი განაცხადა, რომ მთლიანად განიკურნა კიბოსგან, თუმცა, მოგვიანებით კვლავ გამოაჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები.