"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის აქტიური გადახედვისაკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ხელისუფლებაში უკვე შეინიშნება ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გადახედვის პირველი ნიშნები. ამის მაგალითად დაასახელა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლიების არსებობაზე სუბრობდა და მთავორბის საპარლამენტო მდივნის ბოლო განცხადება, სადაც გია ხუროშვილი აცხადებს, რომ ანტიმონოპოლიური პოლიტიკისათვის საკმარისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს.
თარგამაძე მთავრობის ამ განცხადებებს მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, მუშაობა უფრო აქტიურად უნდა წარიმართოს და სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, რათა შეიქმნას დმოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც იქნება დამოუკიდებელი არბიტრი და დაიცავს როგორც მეწარმეების, ასევე მომხმარებელთა უფლებებს.
თარგამაძე აღნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ ძალას გააჩნია გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავებული შესაბამისი კანონპროექტის მოდელი, სადაც მისი თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი ბაზარზე სამართლიანი წესების დანერგვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.
თარგამაძე ხელისუფლებას სთავაზობს რომ შესაძლებელია ისარგებლონ აღნიშნული პროექტით და სათანადო ცვლილებების განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება უმოკლეს ვადაში აღნიშნულ საკითხთნა დაკავშირებით სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა შემუშავდეს.
"საერთო ჯამში "ქრისტიან-დემოკრატებს" წინ გადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია ბენდუქიძის კიდევ ერთ ახირებაზე უარის თქმა და გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიურად ჩავერთოთ პროექტის განხილვაში", - აცხადებს თარგამაძე.