თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თურქეთის პარლამენტის წევრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
"საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თურქეთი განიხილავს, როგორც საკუთარ სუვერენიტეტს. არავის აქვს უფლება ხელყოს სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობა. პრობლემა უნდა მოგვარდეს დიალოგის გზით. თურქეთი აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ჩავუსოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთში უკვე მეორე დღეა იმყოფება. დავით ბაქრაძემ უკვე გამართა შეხვედრა ადიგილობრივ პარლამენტში, მოგვიანებით კი ათათურქის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო.
ვიზიტის ფარგლებში, ბაქრაძე თურქეთის ნაციონალური ასამბელის საქართველოსთან მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელმაც მიიღო. შეხვედრაზე ბაქრაძემ თურქულ მხარეს კონფლიქტის მოგვარების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიულ გეგმაში ჩართვა შესთავაზა.