"რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენთვის მიუღებელია იმ წინადადებების მიღება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკავშირდება", - განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მარტივი პროცესი არ იქნება.
"რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პროცესი იქნება რთული, გრძელვადიანი, დიალოგი ადვილი არ იქნება, ბევრი საკითხი იქნება გადასაჭრელი, მანამდე სანამ მივაღწევთ იმ ეტაპს როცა შეიძლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი. თუმცა უკვე კარგია, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყო სახალხო დიპლომატიის ფორმატში. Yყოველ შემთხვევაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თედო ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებს ელოდება.
,,განცხადებების გაკეთება კარგია, მაგრამ მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები. საქართველომ კონკრეტული ნაბიჯი ბატონ ზურაბ აბაშიძის დანიშვნით გადადგა. Aახალა ველოდებით რუსეთის მხრიდან მკაფიო ნაბიჯებს", - განაცხადა ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობას აღდგენას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ქართული მხარე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს აღიარებს.