კრემლი უკრაინაში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობას აღიარებს. ამ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემაში ნათქვამია, რომ მოსკოვის შეფასებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა.
"არჩევნები მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში, ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, რასაც მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ აღნიშნული გარემოებები, რუსეთ- უკრაინის მომავალ ურთიერთობებზე დადებითად იმოქმედებს.
"ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის ახალი ხელმძღვანელობა რუსი და უკრაინელი ხალხების იმედს განახორციელებს და ორი ხალხის კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებას ხელს შეუწყობს", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში.