საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელის, პეტრე მამრაძის პარლამენტში ყოფნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ეს განცხადება უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა დღეს სესიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ "რუსეთუმე განწყობის" საქართველოში მხოლოდ ერთი პარტიაა - ესაა ზურაბ ნოღაიდელის პარტია. კუბლაშვილის განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ პარტიას წარმომადგენელი პარლამენტშიც კი ჰყავს.
"სამწუხაროა, რომ ჩვენ გვერდით, პარლამენტში, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხელი ჩამოართვას ვლადიმერ პუტინს, მადლობა გადაუხადოს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს კაპიტულაციასთან მეგობრობას, თანამშრომლობას და გამოთქვას მზადყოფნა, რომ მომდევნო აგრესიის შემთხვევაში გაიზიაროს პიუტინისა და მისი პარტიის პოზიციები" - აცხადებს კუბლაშვილი.
იგი ვარაუდობს, რომ ნოღაიდელის პარტიას რუსეთის აგრესიის გამეორების იმედიც აქვს და მისი ეს ქმედებები სწორედ ამ იმედს უკავშირდება. თუმცა კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ "ნოღაიდელის ქმედებებს ისტორია შეაფასებს". იგი იმასაც აღნიშნავს, რომ "აუცილებელია ეს შეფასებები დღესვე მოხდეს, ვინაიდან ამას ქვეყნის მომავლისთვის შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს.
"საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა პიროვნება, რომელსაც აურჩევია მტერთან თანამშრომლობის გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად, რაც მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი", - აცხადებს პავლე კუბლაშვილი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დღესვე შეაფასონ ეს ფაქტი და გადაწყვიტონ, ღირს თუ არა თანამშრომლობა იმ ლიდერთან, რომელმაც დაბომბა საქართველო და მოახდინა მისი ოკუპაცია.