ვიცე-პრემიერმინისტრ გიორგი ბარამიძის შეფასებით, საქართველო საფრანგეთისა და რუსეთის ურთიერთობებში არ უნდა ჩაერიოს.
"როცა ფრანგული მხარის მიერ მოსკოვისთვის "მისტრალის" მიყიდვის საკითხზე ვმსჯელობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საფრანგეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რომ არა ის, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შეჩერება ვერ მოხდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფრანგეთი სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვისთან რა ურთიერთობა ექნება. აქედან გამომდინარე, საფრანგეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ვერ ჩავერევით", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის მიერ მოსკოვისთვის სამხედრო ხომალდ "მისტრალის" მიყიდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ბარამიძის განმარტებით, აღნიშნული მოვლენა დისკუსიის საგანია "თავად ნატოს შიგნითაც".
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა რუსეთისთვის სამხედრო ხომალდ "მისტრალის", რომელიც ამავე დროს ავიამზიდიცაა, მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.