მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, სხდომაზე 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამის - ANP (Annual National Programm) დამტკიცება მოხდება, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ეკონომიკის განმტკიცების, განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სხვა სექტორებში განსახორციელებელ რეფორმებს ასახავს.
მისივე განმარტებით, დოკუმენტის საბოლოო განხილვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ელჩების დონეზე მარტში მოხდება.
"უკვე მეორე წელია, რაც საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამაშია ჩართული. შარშან, ნატოს შეფასებით, პროგრამა წარმატებით დავასრულეთ. წელს მეტია გასაკეთებელი თავდაცვის სფეროდან დაწყებული განათლების სფეროთი და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებით დამთავრებული, ყველა მიმართულებით", - განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის თქმით, ნატო მნიშვნელოვან ყურადღებას მიაქცევს საქართველოში 30 მაისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასაც.
გარდა ამისა, გიორგი ბარამიძის თქმით, უკვე გაწერილია ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებათა და შეხვედრათა გრაფიკიც.
"ჩვენ მთელი წელი ამ გრაფიკის შესაბამისად ვიმუშავებთ", - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ წლიური ეროვნული პროგრამის პირველ ვარიანტზე მუშაობა სახელმწიფო კომისიამ დეკემბერში დაასრულა. შემდეგ, მასში ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს სხვადასხვა უწყების მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს კი სახელმწიფო კომისია სწორედ დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.