რუსეთის ფედერაციის მმართველ პარტიას "ედიანაია როსიას"-სა და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსათვის" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პარტიათა შორის პარტიული მშენებლობის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ "ედიანაია როსიას" პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი რუსეთის დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა მოაწერა, საქართველოს მხრიდან კი მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა.
"ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სპონტანური გადაწყვეტილება როდია. იგი გამობრძმედილია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოში ჯანსაღი ძალები უნდა ვეძებოთ", _ განაცხადა დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა და დასძინა, რომ ამ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთობები გასული წლის განმავლობაშიც ყალიბდებოდა.
გრიზლოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწნებს პარტიული ურთიერთქმედების დაწყებას, ორმხრივ კონსულტაციებს, ინფორმაციის გაცვლას და პარტიული მშენებლობის გამოცდილების გაზიარებას.
"ამ შეთანხმებას უკვე კონკრეტული ოქმები მოყვება, სადაც უკვე 2010 წლის განმავლობაში განხილული იქნება რეალური ნაბიჯები. მთავარია, რომ ჩვენ უკვე შევქმენით არხი, საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალურად, პარტიულ დონეზე ურთიერთობისა", _ განაცხადა ბორის გრიზლოვმა.