ედპ ითხოვს, საგადასახადო კოდექსში მკაფიოდ დაფიქსირდეს, რომ სასაქონლე ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობის ვალდებულება მცირე მეწარმეებს არ ეხებათ. ეს მოთხოვნა ედპ-ს წარმომადგენელმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა.
ჩახვაძის შეფასებით, ხელისუფლება დახმარების ნაცვლად თავისი ეკონომიკური პოლიტიკით აღრჩობს მცირე მეწარმეობას, რითაც ხელს უშლის ქვეყანაში ეკონომიკურად თავისუფალი და სტაბილური საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, აღნიშნულის გამო კი საფრთხის ქვეშაა, როგორც თავისუფალი მეწარმეების განვითარება ასევე, სოციალური სტაბილურობა.
როგორც ჩახვაძე აცხადებს, მცირე მეწარმეების აღნიშნული ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად მხოლოდ `ზეპირი განცხადებები არ არის საკმარისი~ და საჭიროა, რომ ცვლილება კანონში შევიდეს.
მისი თქმით, ცვლილება უნდა განხორციელდეს, როგორც საგადასახადო კოდექსში ასევე, სხვა ნორმატიულ აქტებში.
ამასთან, ჩახვაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში წარსადგენ გაერთიანებულ საგადასახადო და საბაჟო კოდექსის პროექტში მცირე ბიზნესისთვის უნდა შემუშავდეს საგადასახადო რეგულირების სპეციალური რეჟიმი, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე მეწარმეებს საქმიანობა შეღავათიან პირობებში წარმართონ.
გარდა ამისა, ჩახვაძე აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ საჭიროა, მიღებულ იქნეს ცალკე კანონი ,,მცირე მეწარმეების შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს მცირე მეწარმეების დახმარებას ფინანსური რესურსებით და საინფორმაციო და იურიდიული მომსახურებით.