შსს-ის ინფორმაციით, დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. იგი სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში ბრუნდებოდა. საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლების მიერ ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები პირი, იოსებ გიგუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე, 332-ე, 338-ე მუხლებით, ხოლო იოსებ გიგუაშვილი დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 236-ე 376-ე მუხლებით. ირაკლი ოქრუაშვილის და იოსებ გიგუაშვილის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი იყო დადგენილება ძებნის შესახებ. ამ დროისათვის ორივე მათგანი გადაყვანილია გლდანის მერვე საპყრობილეში.