პროკურატურა ზედმიწევნით შეისწავლის თენგიზ გუნავას საჩივარს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თქმით, გუნავას დაკავების შესახებ არის ორი ვერსია.
"ერთი არის შსს-ის ვერსია და ერთი თავად გუნავას ვერსია. თუ გუნავას ან ნებისმიერი სხვა პირის დაკავებისას დარღვეული იყო დაკავებულის უფლებები, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. ამიტომ ის საჩივარი, რომელიც იქნა შემოტანილი, იქნება ზედმიწევნით შესწავლილი. დიდი იმედი მაქვს და ასე ვიცი, რომ ის, რაზეც მიუთითებს ბატონი გუნავა, ასე არ მომხდარა, მაგრამ ერთია რას ვფიქრობ მე და მეორეა, რას დაადგენს გამოძიება",- განაცხადა წულუკიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე საჩივარი შეიტანა.
გუნავას განცხადებით, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და პროკურატურისგან ამ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
ადვოკატების განმარტებით, გუნავას საქმეში არსებობს პროცესუალური დარღვევები. კერძოდ, თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა 16 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე სადარბაზოსთან დააკავეს, რის შემდეგაც ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს.ამასთან, ადვოკატის განცხადებით, თენგიზ გუნავაზე განხორციელდა ზეწოლა და დაკავებისას არ განუმარტეს უფლებები და ადვოკატთან და მეგობრებთან დაკავშირების საშუალებაც არ მისცეს, რაც ასევე პროცესუალური დარღვევაა. ამასთანავე, დაკავების ოქმში დაფიქსირებული არაფერია, რადგან მან ოქმს ხელი არ მოაწერა, _აცხადებს გიორგი ონიანი.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 18 ნოემბერს გათავისუფლდა.