დღეს, 19 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. თენგიზ გუნავა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 18 ნოემბერს გათავისუფლდა. როგორც გუნავამ გლდანის #8-ე საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და ამ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
ადვოკატების განმარტებით, გუნავას საქმეში არსებობს პროცესუალური დარღვევები. ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით, თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა 16 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე სადარბაზოსთან დააკავეს, რის შემდეგაც ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს.
"გარდა ამისა დაკავების დროს მას თავზე ჩამოაცვეს ნიღაბი და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, რის შემდეგაც მოსთხოვეს ერთი ჭიქა წყლის დალევა. მას შემდეგ, რაც მან წყლის დალევაზე უარი განაცხადა, დაემუქრნენ ინექციის გაკეთებით. სწორედ ამიტომ მან წყალი დალია. გარდა ამისა, დაკავებისას არ განუმარტეს უფლებები და ადვოკატთან და მეგობრებთან დაკავშირების საშუალებაც არ მისცეს, რაც ასევე პროცესუალური დარღვევაა. ამასთანავე, დაკავების ოქმში დაფიქსირებული არაფერია, რადგან მან ოქმს ხელი არ მოაწერა", - აღნიშნა გიორგი ონიანმა.