უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შეხვედრაზე უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების PAC-2 ტიპის რაკეტების, IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და F-16 გამანადგურებლებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი განიხილა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას გერმანული წარმოების PAC-2 ტიპის რაკეტების შესყიდვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოქმედი, საიმედო კონტრაქტი აქვს, თუმცა კიევი მიწოდების ვადების დაჩქარებაზე მუშაობს.
„ჩვენ გვაქვს საიმედო კონტრაქტი გერმანული წარმოების PAC-2 ტიპის რაკეტების შესყიდვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ვმუშაობთ მიწოდების დაჩქარებაზე. ეს უკრაინელებს ზამთრის გადატანაში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ამ შესაძლებლობასა და სხვა განხილულ საკითხებზე იმუშავებენ, მათ შორის IRIS-T-ისა და F-16-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებაზე“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკის განცხადებით, მან პისტორიუსს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„ყოველდღიურად ძალიან ბევრი დარტყმა ხორციელდება ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით, რადგან Patriot-ის სისტემებისთვის გადამჭერი რაკეტების ქრონიკული დეფიციტია. მნიშვნელოვანია, მოვძებნოთ ახალი გზები ადამიანების სიცოცხლის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.