საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პაატა დავითაია ვენეციის კომისიას ცალმხრივ ქმედებაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ვენეციის კომისიას მოსთხოვოს პასუხი, თუ რატომ არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. აღნიშნული საკითხი დავითაიამ დღეს ბიუროს სხდომაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კანონში ასახვასთან დაკავშირებით გააკეთა.
აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვვირას განიხილავს. დავითაიას თქმით, საჭიროა ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები რუსულ მხარესაც მისცეს.
"გამოდის რომ ცალმხრივად ვასრულებთ ვალდებულებებს და ვენეციის კომისია არანაირ რეკომენდაციებს არ იმუშავებს რუსეთის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალის გამოყენების დაკანონებას ითვალისწინებს", - აცხადებს დავითაია და პარლამენტის სს კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს, რომელიც ვენეციის კომისიასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის ჯგუფის წევრია, სთხოვს, აღნიშნული საკითხი დააყენოს.
მინაშვილმა განმარტა, რომ ვენეციის კომისია საკითხს თავისი ინიციატივით ვერ განიხილავს და ამისთვის საჭიროა, ვენეციის კომისიას დავალება ევროსაბჭომ მისცეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ქართულ მხარეს აღნიშნული სკაითხი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში უკვე დაყენებული აქვს. როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, საკითხი დღის წესრიგშია ჩასმული და მონიტორინგის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განიხილება, რომელიც მარტში პარიზში ჩატარდება. ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ მონიტორინგის კომიტეტი მიიღებს დადებით გადაწყვეტიულებას და ვენეციის კომისიას აღნიშნულ დავალებას მისცემს, თუმცა აქცენტს იმაზედაც აკეთებს, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს ქმედებისთვის მესამე ალტერნატივაც აქვს და ამ ალტერნატივასაც გამოიყენებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ცისკარიშვილს ეს ალტერნატივა არ დაუკონკრეტებია და იმედოვნებს, რომ ქართულ მხარეს მისი გამოყენება აღარ დასჭირდება.