„საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა, დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 24 344,0 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 17,4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 7,2 პროცენტით, ხოლო დეფლატორის _ 9,5 პროცენტით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია მრეწველობის (17,1 პროცენტი) სექტორს, ასევე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის სექტორი (16,9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სახელმწიფო მმართველობა (11,6 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (8,8 პროცენტი), მშენებლობა (6,7 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).
მშპ-ის ორნიშნა ზრდები დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო
საქმიანობა (24,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (13,9 პროცენტი),
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (11,3 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: კავშირგაბმულობა (8,1 პროცენტი),
სოფლის მეურნეობა (8,0 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,0 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება (7,8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (7,2 პროცენტი) მშენებლობა (7,1 პროცენტი), პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ (7,1 პროცენტი), ტრანსპორტი (6,7 პროცენტი), ვაჭრობა (5,6 პროცენტი). კლება აღინიშნა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში (8,5 პროცენტი).
„საქსტატში" განმარტავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვითYხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. წლიურ დაზუსტებასთან ერთად
საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია დინამიკური მწკრივების ერთიანი ცვლილება, რომელიც ხორციელდება ხუთ წელიწადში ერთხელ და ითვალისწინებს ამ პერიოდში მომხდარ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს ან ახალი გამოკვლევების შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენების საჭიროებას. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2012 წლის პირველი და მეორე კვარტალის მონაცემები თავდაპირველად გაანგარიშდა 2011 წლის წინასწარი
მონაცემების საფუძველზე. ხოლო 2012 წლის ნოემბერში, 2011 წლის წლიური
მონაცემების დაზუსტებასთან და 2011 წლის კვარტალური მონაცემების
ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2012 წლის პირველი და მეორე კვარტლის
მონაცემებიც. შესაბამისად, 2013 წლის ნოემბერში საბოლოოდ დაზუსტდება 2012 წლის წლიური მაჩვენებლები. დაზუსტების შედეგად წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებელი გაიზარდა 0,2 პროცენტით და შეადგინა 7,2 პროცენტი.