პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ნატოსთან ურთიერთობა "დროებით გადადო", ეს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვისაც იქნება.
"ნატოს გაფართოება, უპირველესად, გულისხმობს რეგიონალურ გაფართოებას, სადაც უკრაინა და საქართველო ერთად განიხილება. ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, თუკი უკრაინა ნატოში გაწევრიანებას დროებით გადადებს. არა მგონია, ალიანსმა მის რიგებში მხოლოდ საქართველოს მიღება ისურვოს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" და აქვე განმარტა, რომ ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს, მით უფრო, რომ ნატოსკენ სწრაფვის პროცესის დროებით შეჩერებას თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი არ გამორიცხავს.
პოლიტოლოგის აზრით, კიდევ ერთი საფრთხე, რაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩის მოსვლის შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაშია მოსალოდნელი, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას შეეხება.
"ბევრი ჩემი კოლეგა საუბრობს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კონსტუქციულად შენარჩუნდება, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მასში გარკვეული პრობლემები გაჩნდება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის კუთხით. ვიცით, რომ უკრაინა ჩვენთვის იარაღის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და ძირითადი მომწოდებელია, თუმცა, ვფიქრობ, სიტყვა "დაბალანსებული", რაც იანუკოვიჩმა მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობის შეფასების კონტექსტში გუშინ გამოიყენა, უპირველესად სწორედ ამ ნაწილს შეეხება, რაც ნიშნავს, რომ კიევი სამხედრო შეიარაღებას აღარ მოგვაწვდის", - მიაჩნია სესიაშვილს.