აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმა უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანზე აშშ-ის დარტყმების განახლებას ელოდება. ამის შესახებ The Wall Street Journal აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
ირანის წინადადება ითვალისწინებდა შვიდი დღის განმავლობაში რეგიონში, მათ შორის ლიბანში, საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. სანაცვლოდ, თეირანი მზად იყო შვიდ დღეში ჰორმუზის სრუტე გაეხსნა და აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები განეახლებინა. გეგმა ასევე ითვალისწინებდა აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის მოხსნას, ირანული ნავთობის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქებას და ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ წინადადება აშშ-ს კატარის შუამავლობით გადასცეს. მისი თქმით, თუ ვაშინგტონი შეთანხმებას დათანხმდება, შვიდდღიანი ათვლა დაიწყება და მეშვიდე დღეს ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.
WSJ-ის ცნობით, ტრამპი საჯაროდ აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ხედავს, თუმცა გამოცემის წყაროების თანახმად, ის სკეპტიკურადაა განწყობილი თეირანის მზადყოფნის მიმართ, შეასრულოს ვაშინგტონის მოთხოვნები.
ცნობისთვის, კონგრესის შუალედური არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.