EBRD-ი ქვეყანაში საცალო ვაჭრობის განვითარებისთვის 26 მილიონი დოლარი ინვესტიციას ახორციელებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს", EBRD-დან აცნობეს, ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორში კონკურენციის გაძლიერებას, „სმარტ რითეილ"-ისთვის სუპერმარკეტების ქსელის გასაფართოებლად სესხის გამოყოფით.
EBRD-ში განმარტავენ, რომ სესხი საშუალებას მისცემს კომპანიას ააშენოს სადისტრიბუციო ცენტრი ოცდარვამდე სუპერმარკეტი და თანამედროვე სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
გარდა ამისა, პროექტს ექნება ენერგო ეფექტურობის კომპონენტი, სადაც სესხის ნაწილი მოხმარდება თანამედროვე მდგრად ენერგო ტექნოლოგიებში ინვესტირებას უფრო ეფექტური ენერგომოხმარების მისაღწევად. ამ პროექტს ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია EU NIF-ისა (ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პროგრამის) და ETC-ის (გარდამავალი ეკონომიკის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქვეყნების) ფონდის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა კორპორატიული ენერგო ეფექტურობის პროგრამამ.
ბანკში განმარტავენ, რომ საცალო ვაჭრობაში მოქმედი რამოდენიმე კომპანიის მიუხედავად, ეს სექტორი საქართველოში ჯერ კიდევ ფრაგმენტულია. EBRD საცალო ვაჭრობას წარმატებულ საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან განვითარებული სავაჭრო ქსელი სთავაზობს მომხმარებელს უფრო მომგებიან პირობებს: ხარისხისა და ფასის უკეთეს თანაფარდობას და გაიაფებულ სასურსათო კალათას. ეს კი მიიღწევა ამ კომპანიების გაუმჯობესებული ლოგისტიკური, ტექნოლოგიური, სადისტრიბუციო და შესყიდვების შესაძლებლობებით. EBRD-ის დაფინანსება „სმარტის" სუპერმარკეტების ქსელს საშუალებას მისცემს განავითაროს თანამედროვე საცალო ვაჭრობის ფორმატები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. „სმარტი" საქართველოს მოსახლეობას შესთავაზებს ხარისხის, მრავალფეროვან ადგილობრივ და უცხოური წარმოების პროდუქციას, კონკურენტულ ფასებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლების განვითარებას.
„სმარტ რითეილი" ადგილობრივი ქართული კომპანიაა სამი სუპერმარკეტითა და შვიდი თანამედროვე, კეთილმოწყობილი სავაჭრო ობიექტით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კომპანიის მფლობელები არიან სამსონ და ლევან ფხაკაძეები.
"სიამოვნებით ვეხმარებით საქართველოს საცალო ვაჭრობის სქტორის ამ ახალ მოთამაშეს, რადგან იგი ცდილობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობას შესთავაზოს მრავალფეროვანი საქონელი კონკურენტულ ფასებში და მაღალი დონის მომსახურება. ამ ბიზნესის გაფართოება გაზრდის საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნას, ხოლო გაზრდილი კონკურენცია და ახალი სამუშაო ადგილები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას," - განაცხადა EBRD -ის აგრობიზნესის ჯგუფის დირექტორმა ჟილ მეტეტალმა(Gilles Mettetal)
სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია. EBRD იყო და არის საქართველოს ერთგული პარტნიორი. მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო მოღვაწეობა, EBRD-მ €1.72 მილიარდით დააფინანსა 157 პროექტი. ამ ინვესტიციიდან 105 მილიონი ევრო ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარებაში ჩაიდო.