შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ წარდგენილ ბრალს დღეს წამების მუხლიც დაემატა. შესაბამისი მასალები მთავარი პროკურატურიდან მისმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ გამოიტანა .
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა, იცის, რომ საქმეში გაჩნდა ახალი ეპიზოდი, რომელიც ისევ თავდაცვის სამინისტროს ეხება.
ახალი ეპიზოდის მიხედვით, ახალაიას ბრალი 143-ე და 144-ე პრიმა მუხლებით წაუყენეს.
143-ე მუხლი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო 144-ე პრიმა მუხლი წამებას გულისხმობს. დეკანოიძის თქმით, უფრო ვრცელ კომენტარს ის ჟურნალისტებისთვის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ გააკეთებს.