ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორის პოსტი ჟურნალისტმა რევაზ საყევარიშვილმა დაიკავა.
media.ge-ს ინფორმაციით, როგორც სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, მისი დანიშვნის გადაწყვეტილება „იმედის" მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" დირექტორმა ლიანა ჟმოტოვამ 9 ნოემბერს მიიღო. საყევარიშვილმა ამ პოსტზე გიორგი ლომინაძე შეცვალა, რომელიც „იმედს" 2011 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
რევაზ საყევარიშვილი რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტია. ის რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის პოსტს. თუმცა, გამოცემა მან 2012 წლის მარტში დატოვა, მიზეზად კი Forbes-ის გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის დამფუძნებლის, გაგიკ ეღიზარიანის მხრიდან მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და ცენზურის მცდელობა დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედში" რეორგანიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც არხი მისი დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა. მანამდე ტელეკომპანიას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე ფლობდა. ამჟამად „იმედს" „ჯორჯიან მედია პროდაქშენ" გრუპი ფლობს, რომლის 90% პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის, დანარჩენი 10% კი მათი ნათესავის, ჯოზეფ ქეის მფლობელობაშია. კომპანიის დირექტორის პოსტს ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი ლიანა ჟმოტოვა იკავებს.