საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო კომპანიის მართვაზე უარს აცხადებს და განმარტავს, რომ სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია და სწორედ მერიამ უნდა უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება. ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ ცალსახად აფიქსირებს, რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.