პარიზიდან დაბრუნებულმა ეკა ბესელიამ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ამ თემას მიეძღვნა მისი დღევანდელი პრესკონფერენცია, რომელიც პარტიის ოფისში გაიმართა.
ბესელიას თქმით, მას საფრანგეთში შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ფიგურებთან. პარიზში ბესელიამ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" დამაარსებელი, ირაკლი ოქრუაშვილიც მოინახულა, სადაც პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
"საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გვქონდა ევროპის ქვეყნების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ძირითადად საუბარი ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაგმულ უკანონო და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ირაკლი ოქრუაშვითან განვიხილეთ ჩვენი მომავალი სამოქმედო გეგმა. "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" არ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად არც კანდიდატი გვეყოლება. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩვენი პარტიის უმთავრესი მოთხოვნიდან - გადადგეს სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამ მოთხოვნის რეალიზებისთვის, ჩვენი მოძრაობა გამოიყენებს ყველა ადეკვატურ ბრძოლის მეთოდს - კანონის ფარგლებში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მიუხედავად არჩევნებში არმონაწილეობისა, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო სიების კორდიანციაში. მოძრაობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებსაც გეგმავს.
"შეუძლებელია პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აინტერესებდეს საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ადგილობრივ არჩევნებში, ამ პროცესს მაინც ყურადღებით დავაკვირდებით, რადგან ეს ზოგადად არჩევნების ინსტიტუტისთვის არის კარგი", - ბესელია.
ბოლოს მოძრაობის ლიდერმა, უარყო ხმები თითქოს იგი საფრანგეთისგან პოლიტიკურ თავშესაფარს თავისთვისაც ითხოვდა.
"საფრანგეთს მართლაც ვთხოვე პოლიტიკური თავშესაფარი, ოღონდ ჩემი ძმისა და შვილისთვის", - ეკა ბესელია.