"ეროვნული ფორუმის" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი მელაშვილმა საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, საარჩევნო სიების ამ მეთოდით გადამოწმება რეალურ შედეგს ვერ მოიტანს, ვინაიდან "კარდაკარის" მექანიზმის გამოყენებით ვერ ხერხდება ე.წ. "გაორებული" ამომრჩევლის გამოვლენა და მათი სიებიდან ამოღება.
სიების გადამოწმების დასრულების შემდეგ კი, მაშინ, როცა ოპოზიცია სერიოზული დარღვევების გამოვლენას ვერ შეძლებს, ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, პასუხისმგებლობა მოიხსნას საარჩევნო სიების გაუმართაობაზე, გააქარწყლოს ოპოზიციის ბრალდებები 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული საარჩევნო სიებით ჩატარების თაობაზე, წინ აღუდგეს ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, მომავალი არჩევნებისათვის სიების გაუმართაობის მოტივით ახალი საარჩევნო სიების შედგენის თაობაზე;
ირაკლი მელაშვილი "ეროვნული ფორუმის" სახელით მოუწოდებს ოპოზიციას, ან საერთოდ უარი თქვან აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, ანდა, ხელისუფლებას შესთავაზონ სიების გადამოწმების ისეთი მექანიზმი, რაც რეალურად გაცხრილავს საარჩევნო სიებს ზედმეტი და არარსებული ამომრჩევლისგან.
ამასთან, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, "ეროვნულ ფორუმს" შემუშავებული აქვს ის მექანიზმები (მათ, შორის, სიების გადამოწმების), რომლითაც შესაძლებელი გახდება ქვეყანაში რეალურად სამართლიანი არჩევნების ჩატარება. აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას "ეროვნული ფორუმი" უახლოეს დღეებში გეგმავს. სავარაუდოდ, პროექტის პრეზენტაცია "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში" გაიმართება.