საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის ორ მიზეზს განმარტავს.
"მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე მიწვეული ნამდვილად არ იყო და ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი, რომ გამონაკლისი შემთხვების გარდა, (მაგალითად, თუ რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს განსაკუთრებული მოხსენება არ აქვს გასაკეთებელი), კონფერენციაზე მათი მიწვევა არ ხდება და მეორე - კონფერენციის შიდაგანაწესიდან გამომდინარე, არ შეიძლება ერთი და იგივე სახელმწიფო მეთაური კონფერენციაზე ორზე მეტად იყოს მიწვეული. საქართველოს პრეზიდენტი კი, კონფერენციას ორჯერ უკვე ესწრებოდა", - განუცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით კი, საქართველოს პირველმა პირმა მიუნხენის კონფერენციაზე დასწრება "გადატვირთული გრაფიკის" გამო ვერ შესძლო.