"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" დღეს იმ ადამიანთა სიას გამოაქვეყნებს, რომლებმაც პარტიის წევრთა შეფასებით, ქვეყანას უღალატეს და რუსეთს ემსახურებიან.
"მოღალატეების" გვარები პროკლამაციებში ჩაიწერება და ის მოსახლეობაში დღესვე გავრცელდება.
"რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ქართველები რუსეთის სამსახურში საქართველოს წინააღმდეგ", - ასე ქვია აქციას, რომელსაც "ედპ" დღეიდან დაიწყებს. პროკლამაციების გავრცელება სწორედ ამ აქციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ამით "ედპ" პარტიის აღდგენის 30-ე წლისთავსაც აღნიშნავს. საგანგებო განცხადებას "ეროვნულ-დემოკრატები" დღეს, ქაშუეთის ეკლესიასთან, გიორგი ჭანტურიას საფლავთან წაიკითხავენ, მოგვიანებით კი პროკლამაციების დასარიგებლად რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.