დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმრო "რადისონში" საკანონმდებლო ცვლილებათა ორი პაკეტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრები, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები, იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საჯარო განხილვას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების პროექტების პრეზენტაციას კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგენს.
პირველი პაკეტი შეეხება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმის პირველ ეტაპს. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამ უმნიშვნელოვანეს კანონში იგეგმება. ესენია: ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ", კანონი "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ", კანონი "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ". ამ კანონპროექტების მიღების შემთხვევაში- შეიცვლება საქართველოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი; გაუქმდება პრეზიდენტის უფლება, დანიშნოს ორი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; საქართველოს მთავრობა შეიძენს უფლებამოსილებას, დანიშნოს სამი წევრი, ოღონდ იურისტთა აკადემიური წრეების, იურიდიული პროფილის მქონე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ან/და ადვოკატთა ასოციაციიდან; შემცირდება საქართველოს პარლამენტის კვოტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში;საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიეცემა რეალური თვითმმართველობის განხორციელების შესაძლებლობა;საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღარ იქნება მოსამართლეთა კონფერენციისა და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე;საქართველოს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება, დაასახელოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატურები;მოსამართლეთა კონფერენციას მიეცემა უფლება, ფარული კენჭისყრით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგიის, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები;მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგია მთლიანად გამოეყოფა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ცალკე ორგანოდ ჩამოყალიბდება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელ ორგანოებში მონაწილეობის უფლება.
საკანონმდებლო ცვლილებების მეორე პაკეტი, რომელიც მოიცავს ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, შეეხება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისდროს სასჯელთა უპირობო შეკრების წესის ცვლილებას. აღდგება უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის პრინციპი. ამ ცვლილებას მიეცემა უკუძალა, რათა მსჯავრდებულებმა, რომლებიც დღეს მოქმედი სასჯელთა უპირობო შეკრების წესის გამო დისპროპორციულად მკაცრ სასჯელს იხდიან, შეძლონ ცვლილებით სარგებლობა.
პრეზენტაციის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა გაიმართება.
იუსტიციის სამინისტრო აღნიშნული პროექტების გაცნობას საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებისთვის მომავალშიც გეგმავს