პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე, გროდნენსკის რაიონში, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი" ავრცელებს. აფეთქების ხმა ღამის სამ საათზე გაისმა, ბელორუსი მესაზღვრეები კვალს მიჰყვნენ და პოლონელ მესაზღვრეებთან თანამშრომლობის შედეგად, შვიდი არალეგალი დააკავეს, რომლებიც ვიეტნამის და ავღანეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ.
მალე ბელორუსმა მესაზღვრეებმა აფეთქების კვალსაც მიაგნეს, რომლის ირგვლივ ტანსაცმლის ნაგლეჯები და ვალუტა იყო მიმობნეული. ოლქის ძალოვნების განცხადებით, აფეთქება სასაზღვრო ზონიდან სულ რაღაც 50 მეტრში მოხდა. აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, თუმცა, ადგილზე გაირკვა, რომ საზღვრის ერთ-ერთი დამრღვევი, სავარაუდოდ, დაჭრილია.
როგორც ირკვევა, აფეთქება საკმაოდ მძლავრი იყო. მისი ხმა ტერიტორიის მიმდებარე სოფლებშიც გაიგეს. ინციდენტის გამოსაძიებლად, ბელორუსის შსს-მ სამძებრო-ოპერატიული ჯგუფი შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები