ხვალ, 5 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის" წინააღმდეგ მოსარჩელე თამარ კაიკაციშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს.
როგორც ცნობილია, პროფესიული სასწავლებლიდან 2012 წლის 19 ივნისს თამარ კაიკაციშვილის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მოსარჩელის ბიძა, ექსპერტი ვაჟა ბერიძე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. ასევე, გათავისუფლებულის ძმა, არჩილ კაიკაციშვილი უფლებადაცვით სფეროში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს" ხელმძღვანელობს, რომელმაც არაერთი ხმაურიანი ბრიფინგი გამართა განათლების სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილ პედაგოგებზე და სისტემის მანკიერ მხარეებზე. კოლეჯიდან ყოფილი მოადგილის პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ოთხი აუდიო ჩანაწერი კოლეჯის მოქმედ დირექტორსა და ყოფილ მოადგილეს შორისაც, სადაც დავით მჭედლიშვილი თამარ კაიკაციშვილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და რჩევებზე ესაუბრება.
სასამართლოში თამარ კაიკაციშვილის საქმის განხილვა 6 სექტემბრიდან მიმდინარეობს და საქმეზე სულ ოთხი სხდომა მომზადდა და სამი მოსამართლე შეიცვალა. მოსარჩელემ მოპასუხეს სასამართლომდე და სასამართლომ მიმდინარე პროცესების მანძილზე, საზოგადოებრივ კოლეჯს ოთხჯერ შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება, თუმცა მხარე არც ერთხელ არ აღმოჩნდა მზად მორიგების გადაწყვეტილება მიეღო.
თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების საქმეს სწავლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უწყებათაშორისი კომისია, ადვოკატთა ასოციაცია, თავისუფალ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა შვიდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაც, რომელიც თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას პოლიტიკურ ნიადაგზე უწოდებს. საზოგადოებამ იხილა გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობის განმარტებაც, რომელიც მოსარჩელე ხმარეს საჩივრის გაგზავნას ჟენევის სათაო ოფისში სთავაზობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თამარ კაიაკციშვილის გათავისუფლებას უწოდა უკანონო, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქმისწარმოების ყველა სტადიაზე მონიტორინგი განახორციელა. საქმისწარმოების მონიტორინგი აწარმოეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის ხელმძღვანელობით, თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების საქმეზე მომზადდა სპეციალური გაზეთი „ღირსების საქმე," რომელიც ქობულეთის მოსახლეობაში უფასოდ გავრცელდა. გაზეთის გამო კოლეჯში სტუდენტთა ერთი ნაწილისა და დირექტორის მხარდამჭერი პედაგოგების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ საჯაროდ დაწვეს თამარ კაიკაციშვილის სურათი და გაზეთი, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა კი მომხდარს კოლეჯში დემოკრატიული პროცესების დაწყება უწოდა და მხარეს დებატების გამართვა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს, კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი 19:30 საათზე გახდება. მოსარჩელე მხარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ ღია პრესკონფერენციას გამართავს.