"დემოკრატიული მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ, პროკურორ მირზა სუბელიანის მოთხოვნით, "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ქვემო ქართლის ორგანიზაციის ლიდერს თორნიკე არევაძეს უკანონოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
"ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავმართეთ საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც არევაძის ადვოკატმა ნონა ფილაურმა დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. თავიდანვე აშკარა იყო, რომ რუსთავის პოლიციამ და პროკურატურამ, მიგზავნილი აგენტ ვახტანგ დანელიას მეშვეობით, პროვოკაცია მოუწყო თორნიკე არევაძეს მისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის 8 მარტს რუსთავში, რესტორან "ქალაქურში", მომხდარი ინციდენტიდან, რომელშიც მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, პოლიციის მიერ ორი თვის განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 2012 წლის 8 მაისს, საქმეში არსებული ვითომდა დაზარალებულის ყალბი ჩვენების საფუძველზე, არევაძე მოულოდნელად დააპატიმრეს. იგი დღემდე კატეგორიულად უარყოფს ამ ინციდენტში მონაწილეობას და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
"5 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკითხული იქნა ათეულობით თვითმხილველი მოწმე და არავის თავის ჩვენებაში, არ დაუდასტურებია თორნიკე არევაძის აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობა", - აღნიშნავენ "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, არევაძესთან ერთად დაპატიმრებული ვახტანგ დანელია თავიდან აღიარებდა თავის დანაშაულს და უარყოფდა არევაძის ინციდენტში მონაწილეობის ფაქტს, მაგრამ სასამართლოს ბოლო სხდომაზე, მან პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, შეცვალა თავისი პირველი ჩვენება და საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ, ბრალი დასდო არევაძეს თანამონაწილეობაში, ხოლო მიზეზად იმისა, თუ აქამდე რატომ არ ადებდა ხელს არევაძეს, "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" მხრიდან ზეწოლა დაასახელა.
"სრულიად ნათელია, რომ საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ ბინძურ პოლიტიკურ პროვოკაციასთან, რომელსაც ნაციონალური დიქტატურის ნარჩენები მათთვის ჩვეული ხერხებით, პროკურატურისა და სასამართლოს მეშვეობით, კვლავ ძველებურად ახორციელებენ "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" წინააღმდეგ.
2012 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა თორნიკე არევაძეს მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი. "დემოკრატიული მოძრაობა" იმედს გამოთქვამს, რომ ძალიან მალე, ყველა პოლიტპატიმარი დაუბრუნდება ოჯახს, ხოლო ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და პოლიციელი, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, წარდგებიან თავისუფალი სასამართლოს წინაშე და ადეკვატურად აგებენ პასუხს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.