ევროკავშირი საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
"ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ყოველგვარი პრობლემის გარეშე აწარმოოს თავისი საქმიანობა", - ნათქვამია საქართველოს შესახებ ორგანიზაციის მოხსნებაში, რომელიც გუშინ გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა.
აღნიშნულ კონტექსტში, ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ ყოველგვარო ძალისხმევა და კვალავ დაუბრუნდნენ ამ საკითხის განხილვას.
ამასთან, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ასევე აუცილებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შესვლა, რათა იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა მოხდეს.
რაც შეეხება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობას საქართველოში, ორგანიზაცია მას "მნიშვნელოვნად" მიიჩნევს, თუმცა განმარტავს, რომ "აუცილებელია სადამკვირვებლო მისიის წევრებს აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლოთ".